ლატასოპტი
LATASOPT
სავაჭრო დასახელება
ლატასოპტი, Latasopt
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლატანოპროსტი,Latanoprost
წამლის ფორმა
0,005%-იანი თვალის წვეთები
აღწერილობა: უფერო, გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლატანოპროსტი 0,05 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S01EE01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პროსტაგლანდინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლატასოპტი - გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება. პრეპარატის აქტიური ნივთიერება - ლატანოპროსტი - წარმოადგენს F2ɑ პროსტაგლანდინის ანალოგს და FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტს. წყალწყალა ნამის განდევნის გაძლიერების გზით ამცირებს თვალშიდა წნევას და ახდენს გლაუკომის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ლატანოპროსტის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია უვეოსკლერალური განდევნის გაძლიერებასთან. არ ახდენს დადასტურებულ გავლენას წყალწყალა ნამის პროდუქციაზე და ჰემატოოფთალმურ ბარიერზე. თვალშიდა წნევის შემცირება იწყება პრეპარატის ჩაწვეთებიდან 3-4 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 8-12 საათის შემდეგ, მოქმედება გრძელდება არანაკლებ 24 საათის.
გამოყენების ჩვენებები
- მომატებული თვალშიდა წნევა პაციენტებში ღიაკუთხიანი გლაუკომით და მომატებული ოფთალმოტონუსით, მათ შორის, თვალშიდა წნევის დამწევი სხვა საშუალებების მიმართ ტოლერანტობის ან მათი არასაკმარისი ეფექტურობის დროს.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია განვითარდეს თვალების გაღიზიანება (წვა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება ინსტილაციის შემდეგ), ასევე, წამწამების გასქელება, დაგრძელება და გამუქება. ავადმყოფთა 1-10%-ში ვლინდება კონიუნქტივის ჰიპერემია, ტრანზიტორული წერტილოვანი ეპითელური ეროზიები, ბლეფარიტები, ფერადი გარსის პიგმენტაციის გაზრდა, თვალების ტკივილი.
ავადმყობთა 1%-ზე ნაკლებში: გამონაყარი კანზე, ქუთუთოების შეშუპება.
სხვა: ქუთუთოების კანის გამუქება, რქოვანის შეშუპება და ეროზიები, ირიტები, უვეიტები, მაკულური შეშუპება, მათ შორის, კისტოზურიც (ძირითადად, აფაკიის, ფსევდოაფაკიის, ბროლის უკანა კაფსულის დაზიანების ან მაკულარული შეშუპების განვითარების მომატებული საშიშროების მქონე პაციენტებში).
გამოყენების წესი და დოზები
მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის.
პრეპარატს აწვეთებენ დაავადებული თვალის კონიუნქტივალურ პარკში 1 წვეთს 1-ჯერ დღე-ღამეში, საღამოს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, პრეპარატის შემდეგი ინსტილაცია ტარდება ჩვეულ რეჟიმში (დოზა არ ორმაგდება).
სხვა ადგილობრივი ოფთალმოლოგიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, ინსტილაციებს შორის შუალედი უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: თვალების გაღიზიანება, კონიუნქტივის ან ეპისკლერის ჰიპერემია.
მკურნალობა: სიმპტომური.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლატასოპტი ფარმაცევტულად შეუთავსებელია თიომერსალთან, ვინაიდან არსებობს პრეციპიტაციის განვითარების შესაძლებლობა.
პრეპარატის გამოყენება დასაშვებია ისეთ საშუალებებთან, რომლებიც ამცირებენ თვალშიგა წნევას (თიმოლოლი, ადრენომიმეტიკები, აცეტაზოლამიდი, პილოკარპინი).
განსაკუთრებული მითითებები
ლატასოპტმა, ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის შეცვლა. ეს ეფექტი ძირითადად ვლინდება ფერადი გარსის შერეული შეფერილობის მქონე პაციენტებში, რაც აიხსნება ფერადი გარსის სტრომალურ მელანოციტებში მელანინის შემცველობის გაზრდით. თვალების თანაბარი შეფერილობის მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებიდან 2 წლის შემდეგ თვალის ფერის შეცვლა ვლინდებოდა ძალიან იშვიათად. ფერის შეცვლას არ ახლავს რაიმე კლინიკური სიმპტომები ან პათოლოგიური ცვლილებები. პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ, ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის შემდგომი ზრდა არ ვლინდებოდა, თუმცა უკვე შეცვლილი ფერი შეიძლება იყოს შეუქცევადი. ფერადი გარსის ლენტიგოს ან ნევუსის არსებობისას თერაპიის განმავლობაში მათი ცვლილება არ ვლინდებოდა.
მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტების ინფორმირება თვალის ფერის შესაძლო ცვლილების თაობაზე. თვალის პიგმენტაციის ინტენსიური ცვლილების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება შეწყდეს. მხოლოდ ერთი თვალის მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი ჰეტეროქრომიის განვითარება.
ლატასოპტი არ გამოიყენება დღეში 1-ჯერზე უფრო ხშირად, ვინაიდან ხშირი გამოყენებისას მისი ეფექტურობა მცირდება.
თვალის კაკლის აქტიური ანთებითი პროცესის (ირიტი, უვეიტი), აფაკიის, ბროლის კაფსულის დაზიანებით მიმდინარე ფსევდოაფაკიის დროს ლატასოპტი გამოიყენება სიფრთხილით.
რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენების შემთხვევაში, ლინზების მოხსნა ხდება ინსტილაციამდე; ლინზების გაკეთება შესაძლებელია წამლის გამოყენებიდან 15-20 წუთის შემდეგ.
ფლაკონი იხურება თითოეული გამოყენების შემდეგ. არ შეიძლება თვალზე საწვეთურის წვერის შეხება.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში.
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება
ლატასოპტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან ლატანოპროსტი და მისი მეტაბოლიტები შეიძლება გამოიყოს დედის რძით.
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი ლატასოპტი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც დაკავებულნი არიან პოტენციურად საშიში საქმიანობით, რაც თხოულობს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოშვების ფორმა
0,005%-იანი ლატასოპტის თვალის წვეთები გამოდის 2,5 მლ-იან პლასტმასის ფლაკონში საწვეთურით და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება 2-8ºჩ ტემპერატურაზე შუქისგან დაცულად, ბავშვე¬ბი¬სათვის მი¬უწ¬¬ვ¬დო-მელ ადგილას.
ფლაკონი გახსნის შემდეგ ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურის პირობებში და გამოიყენება 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.