მედულაკ-WM

ვებ გვერდი: http://www.worldmedicine.co.uk/

მედულაკ-WM
MEDULAC-WM
 
სავაჭრო დასახელება
მედულაკ-WM,  MEDULAC-WM
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ლაქტულოზა, Lactulose
 
წამლის ფორმა
შიგნით მისაღები სიროფი.
აღწერილობა: უფერო ან მკრთალი მოყავისფრო-მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე ტკბილი გემოთი.
 
შემადგენლობა
სიროფის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ლაქტულოზას 667 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი.
 
პრეპარატის ათქ კოდი A06AD11
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
საფაღარათო საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლაქტულოზა წარმოადგენს ლაქტოზის სინთეზურ წარმოებულს. იგი არ იშლება კუჭსა და წვრილ ნაწლავში შესაბამისი ფერმენტების არარსებობის გამო, პრაქტიკულად არ შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ასტიმულირებს პერისტალტიკას, აუმჯობესებს ფოსფატებისა და კალციუმის მარილების შეწოვას, ზრდის ამიაკის დიფუზიას სისხლიდან კუჭ-ნაწლავში და  ხელს უწყობს მის გამოყოფას ორგანიზმიდან.  
ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად, ლაქტულოზა მსხვილ  ნაწლავში იშლება დაბალმოლეკულურ ორგანულ მჟავეებად - ძირითადად რძემჟავად, ნაწილობრივ ჭიანჭველმჟავად და ძმარმჟავად. ამ დროს მსხვილი ნაწლავის სანათურში მატულობს ოსმოსური წნევა და მცირდება PH, იზრდება განავლის მოცულობა, რაც ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ახდენს განავლის კონსისტენციის ნორმალიზაციას. ეს ხელს უწყობს ყაბზობის აღმოფხვრას, ნაწლავების დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის აღდგენას.
ამონიუმის შეკავშირებული იონების გამოყოფა ხორციელდება საფაღარათო ეფექტის განვითარებისას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 24-48 საათის შემდეგ. გარდა ამისა, განავალთან ერთად ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს, რის შედეგადაც მცირდება სისხლსა და ნაღველში ქოლესტერინის შემცველობა. გააჩნია მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდის დათრგუნვის უნარი. არ ამცირებს ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას. არ იწვევს შეჩვევას.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ან ღვიძლისმიერი კომის/პრეკომის დროს პრეპარატის ეფექტს მიაწერენ აციდოფილური ბაქტერიების (მაგალითად, ლაქტობაქტერიები) რაოდენობის ზრდის ხარჯზე პროტეოლიზური ბაქტერიების დათრგუნვას; მსხვილი ნაწლავის შიგთავსის მჟავიანობის მატების ხარჯზე ამიაკის იონურ ფორმაში გადასვლას; ოსმოსური ეფექტისა და პH-ის შემცირების ხარჯზე  ნაწლავების დაცლას; ასევე, აზოტშემცველი ტოქსიური ნივთიერებების შემცირებას იმ ბაქტერიების სტიმულაციის გზით, რომლებიც ახდენენ ამიაკის უტილიზაციას ბაქტერიული ცილის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია დაბალია. არ შეიწოვება, აღწევს მსხვილ ნაწლავამდე, სადაც იშლება ნაწლავური ფლორის ზემოქმედების შედეგად. 45-70 მლ-მდე დოზების შემთხვევაში მთლიანად მეტაბოლიზდება; უფრო მაღალი დოზირებისას ნაწილობრივ გამოიყოფა შეუცვლელი სახით.
 
გამოყენების ჩვენებები
- ყაბზობა: მსხვილი ნაწლავის დაცლის ფიზიოლოგიური რიტმის რეგულაცია;
- განავლის დარბილება სამედიცინო მიზნით (ჰემოროიდული კვანძები, ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე და ანალურ მიდამოზე, პოსტოპერაციული პერიოდი);
- ნაწლავური დისბაქტერიოზი;
- ლპობითი დისპეპსიის სინდრომი (ადრეული ასაკის ბავშვებში მწვავე კვებისმიერი მოწამვლის შედეგად);
- სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტი, სალმონელამტარებლობა;
- ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ჰიპერამონიემია.
 
უკუჩვენება
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- გალაქტოზემია;
- ლაქტოზას, გალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა;
- ნაწლავთა გაუვალობა.
 
გვერდითი მოქმედება
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება.
ხანგრძლივი მკურნალობისას შესაძლებელია წყალ-ელექტროლიტური ცვლის მოშლა.
 
გამოყენების წესი და დოზირება
მედულაკ-WM მიიღება შიგნით. მკურნალობის ხანგრძლივობასა და დოზებს ექიმი ადგენს.
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ სუფრის კოვზი შეესაბამება სიროფის 15 მლ, ჩაის კოვზი კი - 5 მლ.
ყაბზობის მკურნალობისას:
პრეპარატი მიიღება დღეში 1-ჯერ დილით ჭამის დროს. კლინიკური ეფექტი ვლინდება 1-2 დღის შემდეგ. დოზას ზრდიან იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის გამოყენებიდან 2 დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
მოზრდილებში:
საწყისი დოზა - 15-45 მლ, შემანარჩუნებელი - 10-25 მლ.
ბავშვებში:
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს  5 მლ, შემანარჩუნებელი - 5 მლ.
3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 5-10 მლ, შემანარჩუნებელი - 5-10 მლ.
7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის საწყისი დოზა შეადგენს 15 მლ, შემანარჩუნებელი - 10 მლ.
როგორც წესი, დოზა შეიძლება შემცირდეს გამოყენებიდან 2 დღის შემდეგ, პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პრეპარატის გამოყენება განავლის დარბილების მიზნით:
ინიშნება იგივე დოზით, როგორც ყაბზობის დროს.
ნაწლავური დისბაქტერიოზის მკურნალობისას (სადღეღამისო დოზები):
მოზრდილებში: 10 მლ;
ბავშვებში:  7 წლიდან და ზემოთ - 10 მლ;
  4-7 წელი - 5 მლ;
  1-3 წელი - 3 მლ;
  1 წლამდე - 1.5-3 მლ.
სალმონელებით, შიგელებით გამოწვეული ენტერიტის დროს: პირველი 10-12 დღის განმავლობაში 15 მლ 3-ჯერ დღეში.
ერთ კვირიანი შუალედის შემდეგ იგივე დოზით 5-ჯერ დღეში.
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის დროს: დასაწყისში 30-45 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში. შემდეგ გადადიან ინდივიდუალურად შერჩეულ შემანარჩუნებელ დოზაზე იმ გათვლით, რომ რბილი განავლის (PH მაჩვენებლით 5.0-5.5 საზღვრებში) სიხშირე არ აღემატებოდეს დღე-ღამეში 2-3-ს.
მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 3 თვე და მეტი.
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის შიგნით მიღება შეუძლებელია, იგი ინიშნება ოყნის სახით: პრეპარატის 300 მლ იხსნება 700 მლ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში.
 
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: შესაძლოა - დიარეა, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობა: პრეპარატის დოზის შემცირება ან მოხსნა.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 
მედულაკ-WM-ის  და ნაწლავში ხსნადი  PH-დამოკიდებული გამოთავისუფლების მქონე პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ლაქტულოზა ამცირებს კუჭ-ნაწლავის შიგთავსის PH-ს და ცვლის ამ პრეპარატების გამოთავისუფლებას.
 
განსაკუთრებული მითითებები
დოზა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყაბზობის დროს, არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისათვის. ასეთ ავადმყოფებში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის, პრეკომის/კომის მკურნალობისას.
მეტეორიზმის (ჩვეულებრივ მეტეორიზმი ქრება თავისთავად მკურნალობიდან 2-3 დღის შემდეგ) თავიდან აცილების მიზნით გასტროკარდიალური სინდრომისას დოზის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით.
2 დღის განმავლობაში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან მკურნალობის შემდეგ ყაბზობის განახლების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას (6 თვეზე მეტი) საჭიროა სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის რეგულარული კონტროლი.
 
 
 
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
მედულაკ- WM-ის გამოყენება  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში  არის
 უსაფრთხო.
 
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
მედულაკი-WM  არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
გამოშვების ფორმა
180 მლ სიროფი მუქი ფერის შუშის ფლაკონში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება შუქისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C  ტემპერატურაზე (გაყინვა დაუშვებელია).
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა 
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სამკურნალო საშუალების გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.